ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, სამი კი დაშავდა

04 აგვისტო 2017, 00:00 2502 ნახვა

ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, სამი კი დაშავდა - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირების დროს  თავდასხმას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის სიცოცხლე შეეწირა. 26 წლის სერჟანტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან   მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (IშAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. თავდასხმის დროს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.


მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ  გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ხარშილაძის კი დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მშვიდობისმყოფელის, უმცროსი სერჟანტ მდინარი ბებიაშვილის ოჯახს.

ამავე კატეგორიაში