თეთრი სახლი მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტის შემდეგი გაჩერება აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო იყო. პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა იმაზე, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს.
ოფიციალურ ვებგვერდზე პენსის მიერ ,,ღირსეული პარტნიორის" სამხედრო წვრთნებში ჩართული ჯარისკაცებისადმი მიმართვაც გამოქვეყნდა. საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს ვიცე-პრეზიდენტის მეუღლის პრესსამსახურიც. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქერენ პენსი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და სარეაბილიტაციო ცენტრ „კამარას“ ესტუმრა.
თეთრი სახლის ვებგვერდზე ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის მეორე ლედიმ თბილისში ვიზიტისას ერთ-ერთ რესტორანში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ისადილა. ქერენ პენსი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სიონის ტაძარშიც - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.