ომბუდსმენის წერილი ციანიდის საქმეზე

08 ივნისი 2017, 00:00 2763 ნახვა

სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი ე.წ. "ციანიდის საქმეზე" სასამართლო პროცესზე მისი არდაშვების ფაქტზე განმარტებას აქვეყნებს. იგი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს მიმართავს, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე ომბუდსმენი არ დაუშვა. უჩა ნანუაშვილი მოსამართლეს რიგი ნორმების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რის საფუძველზე მას, როგორც სახალხო დამცველს, ჰქონდა უფლება დასწრებოდა დახურულ სასამართლო პროცესს.

უჩა ნანაუშვილის განცხადებას გთავაზობთ სრულად:  "ჩემი წერილი ე.წ. "ციანიდის საქმის" მოსამართლეს, ბ-ნ ბესიკ ბუგიანიშვილს My letter to Mr Besik Bugianishvili, judge of Tbilisi City Court, "Cyanide" case თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბატონ ბესიკ ბუგიანიშვილს ბატონო ბესიკ, მოგეხსენებათ, 2017 წლის 30 მაისს ვიმყოფებოდი თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით. სამწუხაროდ, აღნიშნულ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მომეცა, მათ შორის, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა სახელდებით არ შეიცავს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ. ამასთან, როგორც ცნობილია, ბრალდებულ გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე პროცესის დახურვის საფუძველს პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. 1.საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს და შეისწავლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.2 სახალხო დამცველი აფასებს და ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშისა თუ სპეციალური ანგარიშების მეშვეობით საზოგადოებას აცნობს სახელმწიფოში უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველის კომპეტენციას განეკუთვნება სასამართლოს განხილვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა ან დარღვევა. ამავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით კი, საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით. გარდა ამისა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველს ასევე აქვს უფლება, გაეცნოს საიდუმლო, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.3 აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ითხოვს და იღებს ინფორმაციას სხვადასხვა ისეთი უწყებებიდან, რომლებიც ამუშავებენ როგორც პერსონალური, ისე – კომერციული, სახელმწიფო თუ სხვა ტიპის საიდუმლოს შემცველ დოკუმენტაციას. საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე, კანონით დადგენილი წესით, ეცნობა გრიფი „საიდუმლოს“ შემცველ დოკუმენტაციას.4 შესაბამისად, სახალხო დამცველის საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით გარანტირებული უფლებამოსილება გულისხმობს, რომ მას შეუძლია, შეისწავლოს სასამართლო განხილვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შესაძლო შელახვის ან დარღვევის ფაქტები, რომლის ერთ–ერთ საშუალებას სასამართლო პროცესის მონიტორინგი წარმოადგენს. ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული კანონი ანიჭებს, ერთის მხრივ, სასამართლო პროცესის მონიტორინგის უფლებამოსილებას, ხოლო მეორეს მხრივ, მათ შორის, ყველა სახის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას. ამასთან, ვერ გავიზიარებ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კანონმდებლობა, კერძოდ კი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სახელდებით არ იცნობს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციაც და ორგანული კანონიც იერარქიულად უფრო მაღალი ძალის მქონე აქტს წარმოადგენს, ვიდრე საქართველოს კანონი.5 ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რამდენადაც აღნიშნული აქტები ადგენენ სახალხო დამცველის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პროცესში. შესაბამისად, უპირატესი იერარქიული ძალისა და სპეციალური მოქმედების ძალის მქონე კანონებით დადგენილ რეგულაციას ვერ გადაწონის ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სახელდებით არ აწესრიგებს სახალხო დამცველის მანდატის შემადგენელი უფლებამოსილების ერთ–ერთ ასპექტს. სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლების დასადგენად სასამართლომ იმ სპეციალური საკანონმდებლო აქტებით უნდა იხელმძღვანელოს, რომლებიც აღნიშნული უფლებამოსილების სფეროს ადგენენ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო პროცესის მონიტორინგი ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს ადამიანთა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის შეფასების პროცესში. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ სასამართლო პროცესის მონიტორინგი წინააღმდეგობაში არ მოდის იმ სიკეთის დაცვასთან, რამაც საქმის არსებითი განხილვის სრულად დახურვა გამოიწვია. სასამართლო პროცესზე ჩემი დასწრებით გამორიცხულია პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დაცვის საჯარო ინტერესის უგულებელყოფა. სახალხო დამცველს საქართველოს კანონმდებლობა ანიჭებს, მათ შორის, დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებამოსილებას, რაც ჩემი კონსტიტუციური მანდატით გათვალისწინებული ვალდებულების – სასამართლო განხილვის პროცესში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შეფასების – მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. აღნიშნული უფლებამოსილების რეალიზაცია არ ეწინააღმდეგება პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესსაც. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ინტერესების მიმართ. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ შემდგომ სასამართლო სხდომაზე არ განმეორდება ჩემთვის მინიჭებული უფლებამოსილების უგულებელყოფა და უზრუნველყოფილ იქნება სასამართლო სხდომაზე ჩემი დასწრება" - ნათქვამია უჩა ნანუაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა.

ამავე კატეგორიაში