კახა ბუხრაძე საპატრულო პოლიციის აჭარის დეპარტამენტს აღარ უხელმძღვანელებს

06 ივნისი 2017, 00:00 11257 ნახვა

კახა ბუხრაძე აჭარის პოლიციას აღარ უხელმძღვანელებს, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.  

უწყებაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში,  საქართველოს მასშტაბით,  კადრების როტაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც, საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის უფროსად გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კახა ბუხრაძეს აჭარაში ლევან მაისურაძე შეცვლის.  ამ ინფორმაციას, შსს-ში  არ ადასტურებენ. 

კახა ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წლის იანვარში დაინიშნა. საზოგადოების ნაწილს, მის წინააღმდეგ პრეტენზიები ჰქონდა. სოციალურ ქსელში მას"გორელ პატრულს" ეძახდნენ და უსაფუძვლოდ დიდი ჯარიმებს დაკისრებაში ადანაშაულებდნენ. საზოგადოების ნაწილი კი ბუხრაძის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და ქალაქში მოძრაობის მოწესრიგებისთვის, ფეისბუქ სტატუსებით, მადლობას უხდიდნენ.

უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბუხრაძის წინააღმდეგ აქცია გამართეს, რასაც ბათუმის 11-12 მარტის მოვლენები მოჰყვა.

 

 

 

ამავე კატეგორიაში