საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეიდან ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თეთრ სახლში, თბილისის დროით 19:30 საათზე უმასპინძლებს, ხვალ კი პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მიიღებს. იგეგმება შეხვედრები სენატსა და კონგრესში.
ასევე გაიმართება დისკუსიები სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, სადაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრებს. როგორც დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობის გარდა, ვიზიტის მიზანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის კომერციის მდივან უილბურ როსთან.