სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა

18 მარტი 2025, 17:53 458 ნახვა

მოსამართლე სალიხ შაინიძემ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

წინა სხდომაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ გამოკვლეული ვიდეო მასალიდან ვერ დაინახა ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც შსს ედავებოდა. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, 11 იანვარს ამაღლობელი აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსს გრიგოლ ბესელიას შეჰყავს შენობაში და ვიდეო ჩანაწერებში ისმის ირაკლი დგებუაძის განმარტება, რომ ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო იყო დაკავებული.

ადვოკატები საქმეში გაყალბებულ ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ამაღლობელი გრიგოლ ბესელიამ დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, ოქმში კი ჩაწერეს, რომ ის გოჩა ვანაძემ დააკავა პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებული მზია ამაღლობელი ესწრებოდა. დარბაზში იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლები, ამაღლობელის მხარდამჭერები, პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში