საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე, ხოლო კალათბურთელები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ბრწყინვალების ორდენზე არიან წარდგენილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს „ევრობასკეტის“ საგზური. მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელებისა და გუნდის წევრების მთლიანად უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე. ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილები ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ ორი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ასევე, გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.