ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი 

20 თებერვალი 2025, 10:00 145 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ბრესტი“ მეორედაც დაამარცხა, ამჯერად 7:0 და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ან „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. ანგარიში მე-20 წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მეორე ტაიმში „ბრესტის“ კარში გოლები ვიტინიამ, დეზირე დუემ, ნუნუ მენდეშმა, გაბრიელ რამოშმა და სენი მაილუმ გაიტანეს. მეშვიდე გოლი კვარაცხელიას პასით გავიდა. „ბრესტის“ კარში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა.  აქამდე მან 2 გოლი ამსტერდამის „აიაქსს“  2022 წელს  4 და 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრებში გაუტანა.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს. „იუვენტუსი“ მესამე იტალიური კლუბი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ტურინელებმა „ეინდჰოვენთან“ 1:3 წააგეს.

შემდეგ ეტაპზე გავიდა „დორტმუნდიც“, რომელმაც „სპორტინგთან“ ფრე 0:0 ითამაშა, მაგრამ პირველი მოგებული მატჩის შემდეგ მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. „რეალმა“ კი შანსი არ დაუტოვა „მანჩესტერ სიტის“ და 3:1 დაამარცხა.

როგორ დაკომპლექტდება მერვედფინალის წყვილები, ხვალ კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შეძლო გოლის გატანა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში