„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდებიან 

17 თებერვალი 2025, 10:15 197 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, მადრიდში ესპანეთის ნაკრები ბონუსქულით, 62:32 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართველ მორაგბეებს ამ შეხვედრაში აუცილებლად სჭირდებოდათ ბონუსქულით მოგება, რათა ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით ესარგებლათ. „ბორჯღალოსნებმა“ პირველივე ტაიმში მეტოქეს 6 ლელო დაუდეს, თავი სპანდერაშვილმა, ლობჟანიძემ, ტაბუცაძემ, კარკაძემ, ჯაფარიძემ და ნინიაშვილმა გამოიჩინეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელო დადო, თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა, რომელმაც ამ თამაშში მეორე, ნაკრების მაისურით კი 46-ე ლელო გაიტანა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მელელოვეთა ათეულში შევიდა.

ჩვენი ნაკრები ნახევარფინალში 1 ან 2 მარტს თბილისში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში