საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთში იმყოფება. ბუქარესტის ჰენრი კოანდას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს რუმინელი კოლეგა- სორინ გრინდეანუ დახვდა. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოს დელეგაციისა და რუმინეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და სორინ გრინდეანუმ მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა, როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება აღნიშნეს. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება-საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.