სპორტსმენების დაჯილდოება

03 თებერვალი 2025, 10:50 162 ნახვა

აჭარის სპორტის დეპარტამენტმა 2024 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელზეც ჩვენი რეგიონის სპორტსმენთა მიერ გასულ წელს ნაჩვენები შედეგებისა და მიღწეული წარმატებების მიხედვით საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა.

ღონისძიების დაწყებამდე სპორტულმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი სპორტული ჟურნალისტის გიორგი მურვანიძის ხსოვნას, რომლისთვისაც დაწესებული ჯილდო მის ოჯახს გადაეცა. 2024 წლის საუკეთესოები კი შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო სპორტსმენები, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენები, წლის წარმატებული სპორტსმენები, საუკეთესო მწვრთნელები, 2024 წლის წარმატებული გუნდები და საუკეთესო პარასპორტსმენები. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გუნდები სასკოლო სპორტის მიმართულებითაც.

ჯილდოები გადაეცათ ვეტერან სპორტსმენებს და სპორტულ ჟურნალისტებს. 2024 წელს სხვადასხვა რანგის, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და სპორტის მრავალ სახეობაში აჭარამ საერთო ჯამში 326 მედალი მოიპოვა, ამათგან 100 ოქროს, 96 ვერცხლისა და 130 ბრინჯაოს მედალი.

საუკეთესოებად დასახელებულებს სამახსოვრო სიგელებთან ერთად ცნობილი სპორტული ბრენდის მაღაზიის 300-ლარიანი ვაუჩერებიც გადაეცათ.

წიგნისთვის - „აჭარის სპორტის ფოტო ისტორია“ სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს სპორტის დამსახურებული მოღვაწე ლევან ჯიოშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში