საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელებს. პროექტით ზუსტდება და იცვლება სხვადასხვა საკითხი.
"ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ასევე შეეხება: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონში, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონსა და „ბავშვთა უფლებათა კოდექსში“ ცვლილებებს.
ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი უძღვებოდა, ასევე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები. კერძოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და პარლამენტის დადგენილების პროექტი.
ბიუროს წევრები ასევე გაეცნენ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ"- აღნიშნულია ინფორმაციაში.