საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმა ითვალისწინებს მიმდინარე წელს კომიტეტის კანონშემოქმედებით, საკონტროლო და სხვა საქმიანობებს. ასევე, განისაზღვრა კომიტეტის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან თითოეულ მიმართულებაზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები.
წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პარლამენტის არცერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება თანამდებობის პირის სხდომაზე მოწვევის შესახებ. ასევე არცერთ ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. შესწავლილ პერიოდში პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არცერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს კომიტეტებისათვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტი სამ თვეში ერთხელ შეისწავლის და წარადგენს თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შედეგებს და ახდენს სათანადო რეაგირებას.
შესწავლილი საკითხის შედეგებს კომიტეტი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.