რობერტ ფიცო ითრევს სლოვაკეთს რუსეთის მცდელობებში, რომ მეტი ტანჯვა მოუტანოს უკრაინელებს - ზელენსკი

28 დეკემბერი 2024, 19:24 171 ნახვა

როგორც ჩანს, პუტინმა ფიცოს ბრძანება მისცა, უკრაინის წინააღმდეგ, სლოვაკეთის ხალხის ინტერესების ხარჯზე, გაეხსნა მეორე ენერგეტიკული ფრონტი. ფიცოს მუქარა, რომ ზამთარში უკრაინას ელექტრომომარაგებას შეუწყვეტს, ვიდრე რუსეთი ჩვენს ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ქსელს უტევს, მხოლოდ ამით აიხსნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის განცხადებით, სლოვაკეთი ერთიანი ევროპული ენერგეტიკული ბაზრის ნაწილია და ფიცომ საერთო ევროპულ წესებს პატივი უნდა სცეს.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინას ახლა ელექტროენერგიის იმპორტი სჭირდება, არის რუსეთის მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია და რაკეტებისა და „შაჰედის“ ტიპის დრონების გამოყენება უკრაინის ჰიდროელექტროენერგიის დიდი ნაწილის მიზანმიმართულად გასანადგურებლად. ახლა კი ფიცო ითრევს სლოვაკეთს რუსეთის მცდელობებში, რომ მეტი ტანჯვა მოუტანოს უკრაინელებს.

 

ფიცოს სამი რამ უნდა შევახსენოთ: პირველ რიგში, რუსული აგრესიის მხარდაჭერა სრულიად ამორალურია. მეორე, ფიცოს არაშორსმჭვრეტელმა პოლიტიკამ სლოვაკეთს უკვე წაართვა კომპენსაცია რუსული გაზის ტრანზიტის დაკარგვის გამო. ახლა ის რისკავს სლოვაკებისთვის წელიწადში, კიდევ, 200 მილიონი დოლარის ჩამორთმევით, რომელსაც უკრაინა იხდის იმპორტირებულ ელექტროენერგიაში. დიახ, ეს კრიტიკულად აუცილებელი იმპორტი უფასო არ არის და მისი ღირებულება არის მნიშვნელოვანი. მესამე, ევროპაში ყველასთვის, მათ შორის, სლოვაკეთის მოსახლეობისთვის, ბევრად უფრო მომგებიანი იქნება მეზობლებთან და ევროკავშირთან მუშაობა, რათა გაზარდოს ევროპისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდება, მათ შორის, გაზი ამერიკიდან და სხვა პარტნიორებისგან. მხოლოდ ამან შეიძლება, შეამციროს ენერგიის ხარჯები ოჯახების უმრავლესობისთვის.

 

სლოვაკეთის წილი უკრაინის ელექტროენერგიის იმპორტში დაახლოებით 19%-ია. უკრაინის მთავრობა მუშაობს ჩვენს ევროკავშირის მეზობლებთან ელექტროენერგიის საჭირო მოცულობის შესანარჩუნებლად. სლოვაკეთი არის ერთიანი ევროპული ენერგეტიკული ბაზრის ნაწილი და ფიცომ პატივი უნდა სცეს საერთო ევროპულ წესებს. ნებისმიერ თვითნებურ გადაწყვეტილებას ბრატისლავაში ან მოსკოვის ბრძანებებს ფიცოსთან ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, არ შეუძლია, შეწყვიტოს უკრაინის ელექტრომომარაგება, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, შეწყვიტონ სლოვაკეთის ამჟამინდელი ხელისუფლების კავშირები ევროპულ საზოგადოებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უკრაინის ხელისუფლების უარს საპასუხო ზომებით უპასუხებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში