ციტრუსის ჩაბარება ქობულეთში

18 დეკემბერი 2024, 19:58 164 ნახვა

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. ფერმერების ნაწილს ციტრუსის კრეფის და ჩაბარების პროცესი უკვე დასრულებული აქვთ. რაც შეეხება არასტანდარტული მანდარინის მიღებას-ჩაბარებას, ქობულეთის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმომ ამ დროისთვის 2000 ტონა არასტანდარტული ნაყოფი გადაამუშავა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან, წელს სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიზარდა 10 თეთრით, შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის მანდარინის ფასი 30 თეთრის ნაცვლად 40 თეთრია. აქედან, სახელმწიფო სუფსიდია 35-თეთრია და 5-თეთრს საწარმო ამატებს.
როგორც, საწარმოს დირექტორი ამბობს, წელს ციტრუსის ბაღებში ნაყოფის მცირე მოსავლიანობა შეინიშნება, შესაბამისად საერთო მოსავალში, არასტანდარტული მანდარინის წილი შედარებით მცირეა, რამაც მაღალი კონკურენცია წარმოშვა ბაზარზე. გადამუშავებული ციტრუსის კონცენტრატი საექსპორტოდ, ტრადიციულ და ახალ ბაზრებზე გადის.
ამჟამად, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში 82-ადგილობრივი და უცხოელი მუშახელია დასაქმებული. აჭარის ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, წელს ექსპორტზე სტანდარტული ციტრუსი 22-ათას ტონაზე მეტი გავიდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში