სოფელ განთიადში, კირკიტაძეების ოჯახი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

11 დეკემბერი 2024, 16:59 155 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში კირკიტაძეების 3 წევრიანი ოჯახი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან პირობის შესრულებას ითხოვს.

კირკიტაძეები აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის დროს, მძიმე ტექნიკის შეყვანის შედეგად დაზიანდა სანიაღვრე არხი, მიწის ნაკვეთი და 3700 კვ/მ-მდე მწვანე ნარგავი.

ადგილობრივების განცხადებით, დეპარტამენტისგან პირობა ჰქონდათ მიღებული, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ზარალი ანაზღაურდებოდა, თუმცა კირკიტაძეები აცხადებენ, რომ ტერიტორია დღემდე მოუწესრიგებელია. წვიმის დროს მთლიანად იტბორება საკარმიდამო ნაკვეთი და დანგრევის საფრთხის ქვეშაა იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი.

მათივე განმარტებით, დეპარტამენტის წარმომადგენლები 2023 წლამდე მათ კომპენსაციას უხდიდნენ, თუმცა უკვე ერთი წელია თანხა არ მიუღიათ.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ფოლადი" დღეს ადგილზე სამუშაოების აწარმოებდა, თუმცა კირკიტაძეების ოჯახმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სამუშაოები შეაჩერებინეს. 

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუკავშირდა და საკითხთან დაკავშირებით უწყებისგან პასუხს ველოდებით.

 

 
 
 
სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში