ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2024, 14:28 263 ნახვა

„ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ფარგლებში რადიკალებმა იკადრეს ყველაფერი, ყველაფერი უკადრებელი, ძალადობრივ ქმედებებში ბავშვების ჩართვის მცდელობის ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც ამ ადამიანების სახეს აჩვენებს.

„ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის საქართველოს მთავრობის საქმიანობის პირობებში. ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმ ამოცანებისა, რაც აქვს საქართველოს მთავრობას – ეს არის ეკონომიკის განვითარება, ჩვენი  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება და ა.შ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კოაბიტაციის ყველა გამოვლინების და ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამთავრება ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი დაიწყო სწორედ ამ დღეებში. ეს პროცესები იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერის თქმით, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ ასე რადიკალები და მათი პატრონები „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია.

„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ თავის დროზე ეს ადამიანები რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები ასე უპირისპირდებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა - „გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც უწოდეს „რუსული კანონი“, სწორედ, ამ ადამიანებმა, მოძალადეებმა და რადიკალებმა, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება.

„ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება. მთელი ამ წლების განმავლობაში, ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას და რაც ყველაზე მძიმეა, ემსახურებოდა ლიბერალური ფაშიზმის გენერირებას ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა. მინდა, მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას. ჩვენ, თავისთავად, ჩვენი მხრივ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში