შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრული პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში ავტოსაგზაო საჯარიმო ქვითრების რაოდენობა, 2017 წლის იანვარ-თებერვალსა და მარტის პირველ ნახევარში, წინა წლის ბოლო ორ თვესთან მიმართებით თითქმის გაორმაგებულია. თუ 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში საჯარიმო ქვითრების რაოდენობა 11 ათას 622 ერთეულს შეადგენდა, პირველი იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში, 21 ათას 535 ქვითარი გამოიწერა. აჭარაში შიდა როტაციული პრინციპით საპატრულო პოლიციის უფროსი იანვრის დასაწყისში შეიცვალა. 9 იანვრიდან ადგილობრივი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელად კახაბერ ბუხრაძე დაინიშნა.