გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს აქციაზე, დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

05 ნოემბერი 2024, 11:18 245 ნახვა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუკასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე, სადაც შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მხრიდან წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიის მორიგი ფაქტები წარადგინა, მან გუშინდელ ინციდენტზეც ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეეცადა საზოგადოების ყურადღება გადაეტანა სხვა თემაზე და რუკით სპეკულაცია დაიწყო.

„ეს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალება არის ის საინფორმაციო თავდასხმები, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა. ამ დღეების განმავლობაში გაცნობდით სხვადასხვა მაგალითებს ამ დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე და მინდა დღეს შეჯამების სახით წარმოგიდგინოთ ეს.

ამავე დროს მაშინ, როდესაც მე გუშინ ბრიფინგს ვატარებდი დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თურმე სად ხარ, რა დეზინფორმაციის ახსნაზეა საუბარი ვნახეთ, პირდაპირ ღია ეთერში როგორ დაიწყო ყალბი ამბის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები ყველა აქ იყავით, ყველა სინამდვილეში სლაიდზე რა იყო ასახული, მედიამ ყალბ ამბად გაავრცელა სი რაც სინამდვილეში არ იყო და აღმოჩნდა ის რომ რა ყალბ ინფორმაციაზეა საუბარი, ფერებზე ჰქონიათ თურმე სადაო.

ვნახეთ მცდელობა ოპოზიციის საკუთარი მხარდამჭერები ამით გაეღიზიანებინა. გუშინ აქციაზეც კი ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი. სინამდვილეში, იმ აქციაზე, ეკრანზე, რომ საქართველოს რუკა ჰქონდათ გაშვებული, იმ ეკრანის წინ ვინც იდგნენ არ დაგვავიწყდეს რა ხალხთან გვაქვს საქმე. ეს ის ხალხია ვინც ჩვენი ტერიტორიები აქცია ოკუპირებულ ტერიტორიებად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საუბრობენ თითქოს წელს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი. შეგახსენებთ, 2020 წელს დაიწერა 2054 საჩივარი, წელს კი 1170.

„შეგახსენებთ, რომ საჩივრების დიდი რაოდენობა დასრულების შემდეგ დაიწერა. საინტერესოა, რომ 3111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 ათასი კომისიის წევრი ჰყავდა, შემაჯამებელ ოქმზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი. ესეც უჩვენებს, სინამდვილეში რა აქვთ რეალურად ხელმოსაჭიდი, იმის საპირწონედ, რასაც ვისმენთ ტელევიზიაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით,  ზემოთხსენებულ და სხვა დეზინფორმაციის უკან, არასდროს დგას არცერთი ფაქტი, ან მტკიცებულება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოძალადე ჯგუფები ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმაგრებული სხვადასხვა უბანზე, უბნიდან უბანზე დადიოდნენ იმისთვის, რომ მოეწყოთ პროვოკაციები, რომლის მიზანიც იყო, რომ დაედგათ ვიზუალურად ძალადობის სცენები.

მისივე თქმით, არჩევნების დღეს ოპოზიცია ცდილობდა ხელი შეეშალა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, რომ მას ხმის მიცემა ვერ შეძლებოდა.

„თავად ითხოვენ ხოლმე რომ გამოძიება დაიწყოს, გამოძიება იწყება და შემდეგ ნაცვლად იმისა რომ მივიდნენ, ითანამშრომლონ და მიიტანონ თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, გვესმის კვლავ კონკრეტული განცხადებები. ამ მხრივ ქალბატონი სალომე გამოირჩევა, რომელიც ვერ გაერკვა როგორ ხდება სისხლის სამართლის პროცესი - ის როდესაც დანაშაულში ვინმეს ბრალს დებს და შემდეგ ამაზე მიდის გამოძიება, მისი პასუხისმგებლობაა, რომ მივიდეს და თუ რაიმე მტკიცებულება აქვს წარადგინოს. ეს ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ, ეს მთლიანი ბლეფი რაც ჩაატარეს არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ და რამდენიმე მილიონერმა ენჯეომ, ქართველმა ხალხმა დაასრულა მაღალი აქტივობით და მილიონ ას ოცი ათასიანი მხარდაჭერით ქართული ოცნების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში