არ გვჯერა, რომ გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას ირგვლივ გაერთიანებული „პოლიტიკოსები“ ნამდვილად იბრძვიან ხელისუფლებისთვის, ნაწილი მოსყიდულია, ნაწილი უბრალოდ გონებასუსტი - „გირჩი“

02 ნოემბერი 2024, 18:03 316 ნახვა

ოპოზიციის მიერ სადაო ან არასაკმარისი მტკიცებულებების გამოყენება „აღქმების“ შესაქმნელად ან გამოძიება არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად და ხელახალი არჩევნების დასანიშნად, „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ახალი არჩევნების ჩატარების ამ დროისთვის ერთადერთი ლეგიტიმური საფუძველი – ფარულობის პრინციპის დარღვევაა. ოპოზიციის მიერ, სადაო ან არასაკმარისი მტკიცებულებების გამოყენება „აღქმების“ შესაქმნელად ან გამოძიება არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად და ხელახალი არჩევნების დასანიშნად, „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიცია მათ მთავარი დარღვევიდან სხვაგან წასვლის და უაზრო დისკუსიის მოწყობის საშუალებას აძლევს. „მიტინგზე მოდით და გეგმას იქ გაგაცნობთ“ უბრალოდ ხალხის დაცინვაა, რასაც ნელ-ნელა პროპაგანდით დაბრმავებული საზოგადოებაც კი აცნობიერებს“, – აღნიშნულია ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

განცხადებაში პარტია ასახელებს ნაბიჯებს, რაც, მათი მოსაზრებით, ახალი არჩევნების დასანიშნად არის გასაკეთებელი.

„ახალი არჩევნები თუ მართლა გვსურს, შემდეგი რამ არის გასაკეთებელი:

 

უნდა ჩამოყალიბდეს ერთადერთი მოთხოვნა – „ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“. მოთხოვნის შესასრულებლად ცესკო-ს მიეცეს ერთი კვირა; ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დაიწყოს მართლა დიდი მიტინგის დაორგანიზება, მაგალითად, შაბათს; პარალელურად, დასავლელ პარტნიორებთან შედგეს მოლაპარაკება, თუ მიტინგის მეშვეობით გამოხატული ხალხის პოზიცია ცალსახა იქნება, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს; საჯაროდ უნდა დაითქვას მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობის დადგენის თვალნათელი ხერხი, რათა უკვე მიტინგის დროს ხალხმა იცოდეს, რამდენი ვართ (გაზვიადებების გარეშე, რაც სჩვევიათ ხოლმე ორგანიზატორებს). მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე დაახლოებით 100-120 ათასი ადამიანი ეტევა; თუ ორივე პირობა – აქამდე არნახული მასშტაბის მიტინგი და პარტნიორების მხარდაჭერა ერთდროულად შესრულდება, ხალხი მიიღებს ხელისუფლების ცვლილების კიდევ ერთ შესაძლებლობას ან ახალი არჩევნებით, ან რევოლუციით.

 

ყველა სხვა გეგმა, მათ შორის, კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქრევოლუციის სცენარი, რომლის მიზანი აპათიისა და ნიჰილიზმის გაღვივება, ხალხის დაღლა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენაა.

 

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვჯერა, რომ გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას ირგვლივ გაერთიანებული „პოლიტიკოსები“ ნამდვილად იბრძვიან ხელისუფლებისთვის. მივიჩნევთ, რომ მათი ნაწილი მოსყიდულია, ხოლო ნაწილი უბრალოდ გონებასუსტები არიან.

 

ისინი ატყუებდნენ და ახლაც ატყუებენ ხალხს, რათა გაუხანგრძლივონ ივანიშვილს მმართველობა და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, ნაცვლად იმისა, რაც ზემოთ არის აღწერილი.

 

ჩვენ კი, ქართველმა ხალხმა არ მოგვცა იმის უფლება, რომ ასეთ მიტინგს სათავეში ჩავუდგეთ, თუმცა თავს ვალდებულად მივიჩნევთ ვთქვათ ჩვენ, რას გავაკეთებდით იმ შემთხვევაში, რომ ხალხს შეცდომა არ დაეშვა და ჩვენთვის მოეცა ზემოთ აღწერილი გეგმის შესრულების მორალური უფლება“, – აღნიშნულია განაცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში