წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დაასახელა ციფრები, წინა არჩევნებთან შედარებით, თუ რამდენად მეტი ხმა მიიღო 26 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველმა პარტიამ.
„წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 190 ათასი ადამიანით მეტმა დაგვიჭირა მხარი. წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, 294 თასით მეტმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, მაშინ როდესაც იმ რადიკალურ აგენტურულ პარტიებს, რომელთაც რაღაცაზე ჰქონდათ ამბიცია, 60 ათასით ნაკლებმა დაუჭირა. სწორედ ამას ვერ ეგუებიან და დგანან ახლა და სოციალურ ქსელებში ლანძღავენ ამომრჩეველს, სხვა რომ არაფერი დარჩათ“, - აღნიშნა მდინარაძემ.