ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგენილ ათი დღის ვადაში ახალი პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბება - პაპუაშვილი

27 ოქტომბერი 2024, 17:13 249 ნახვა

არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, - ამიშ შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საეღთაშორისო დამკვირვებლების პრესკონფერენციის შემდგომ გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგენილ ათი დღის ვადაში ახალი პარლამენტი შეიკრიბება.

„ჩვენ მანამდე ვიხილეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ასახავდა წინასაარჩევნო პერიოდს და ვნახეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი აღწერილი იყო, როგორც მშვიდი პერიოდი, როდესაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, კამპანია თანაბარ გარემოში ეწარმოებინა. დღეს საუბარი იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით, საარჩევნო დღესთან დაკავშირებით და ეუთო/ოდირის მხრიდან ვნახეთ შეფასების მთავარი დასკვნა, რომელიც შეეხება თავად არჩევნებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აღარ არის კითხვის ნიშნები, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების ლეგიტიმაცია.

 

დღეს თითქმის ბოლომდე დასრულდა შედეგების დათვლა, მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ყველა, ვინც ამ არჩევნებში იყო ჩართული, ვგულისხმობ, საარჩევნო სუბიექტებს, მეტ-ნაკლებად რეფერენდუმზე საუბრობდა და ეს რეფერენდუმი შედგა, ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა ამ რეფერენდუმზე იმით, რომ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდ განვითარებას ისე, რომ მისი კეთილდღეობა იქნეს უზრუნველყოფილი, საქართველოს განვითარებას ევროპის მიმართულებით ისე, რომ ევროკავშირში შევიდეთ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, 2012 წლის შედეგები გაიმეორა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს პრინციპული არჩევნები იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება. ახლა მიდის პროცედურები თავად საარჩევნო კომისიაში, დასრულდება დათვლა, სხვა პროცესები საჩივრებთან დაკავშირებით, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგენილ 10 დღის ვადაში პარლამენტი შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი