ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, ნათელი, ევროპული მომავალი - პრემიერი

27 ოქტომბერი 2024, 11:15 264 ნახვა

ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთდართი უალტერნატივო არჩევანი, აირჩია მშვიდობა და აირჩია ქვეყნის განვითარება, ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებას, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხი იდგა ჩვენ გვერდით ყველაზე რთულ წუთებშიც. მოგეხსენებათ, არჩევნები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მომენტი ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში და ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებშიც ქართველი ხალხი დადგა ჩვენ გვერდით და გააკეთა ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, ჩვენს საარჩევნო შტაბებს, ქვეყნის მასშტაბით იყო შექმნილი 73 საარჩევნო შტაბი,  უამრავი ადამიანი იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, აგიტაციაში, ამომრჩეველთა მობილიზებაში. თითოეული მათგანის წვლილი ჩვენს საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული.

 

ჩვენ მთლიანობაში მივიღეთ დაახლოებით მილიონ 120 ათასი ხმა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და თავისი მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები. ეს გზავნილი ზუსტად მივიდა ამომრჩევლამდე და ამას უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტო აქტივობა. გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში