საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.
ორბანი ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ "დამაჯერებელ გამარჯვებას" ულოცავს.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და დღეს თავიანთი ხმა გააგონეს ყველას!“ – აცხადებს ვიქტორ ორბანი.
„გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს; კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“ 8%.