10:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია ათი საჩივარი - „სამართლიანი არჩევნები"

26 ოქტომბერი 2024, 12:04 207 ნახვა
 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, არჩევნების დღის მონიტორინგი ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის რაოდენობრივი და თვისებრივი დაკვირვების მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.

ნინო დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე 10:00 საათის მონაცემები შეაჯამა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების თითქმის 75 პროცენტი 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად იყო. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უმეტეს საარჩევნო უბანში შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბნების მომზადების პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

 

თითქმის ყველა საარჩევნო უბანში ორგანიზაციის დამკვირვებლები შეზღუდვების გარეშე შეუშვეს; საარჩევნო უბნების 63%-ში 15-დან 17-მდე კომისიის წევრი იმყოფებოდა, ხოლო 9-დან 14-მდე კომისიის წევრი უბნების 37%-ში გამოცხადდა; საარჩევნო უბნების 97%-ში კენჭისყრის შენობის ფართი და შიდა მოწყობა პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა; 08:00 საათზე საარჩევნო უბნების 75 პროცენტი მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად, 08:00-08:20 საათის შუალედში კი თითქმის ყველა დანარჩენი საარჩევნო უბანი იყო მზად. თითქმის ყველა საარჩევნო უბანში საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა. უმეტეს საარჩევნო უბანში თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა უბანში ყოფნის უფლების მქონე პირებს, დამკვირვებელს არ შეზღუდვია“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

„სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ 10:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, მარკირების წესების დარღვევა, საარჩევნო უბანში არაუფლებამოსილი პირების ყოფნა, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და ამომრჩეველთა აღრიცხვა საარჩევნო უბნის მიმდებარედ.

„ნომერი 27 მცხეთის საარჩევნო ოლქის ნომერ 41, ნომერი 20 რუსთავის საარჩევნო ოლქის ნომერ 58 საარჩევნო უბნებში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები არ შეუშვეს პენიტენციურ დაწესებულებაში უბნის გახსნის შემდეგ. ნომერი 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ნომერ 9, ნომერ 12 საარჩევნო უბნებში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები გააძევეს საარჩევნო უბნებიდან.

 

ნომერი 36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის ნომერ 9 საარჩევნო უბანში ორმა ამომრჩეველმა მარკირების გარეშე მისცა ხმა. ნომერი 79 ბათუმის საარჩევნო ოლქის ნომერ 5 სარჩევნო უბანში, ნომერი 24 დმანისის საარჩევნო ოლქის ნომერ 50 სარჩევნო უბანში იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები. ნომერ 51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ნომერ 3 საარჩევნო უბანში უბნის გახსნამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეიყვანა ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

 

ნომერი 67 საარჩევნო ოლქის ნომერ 9 სარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობა. ნომერი 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ნომერ 18 სარჩევნო უბანში და ნომერი 30 კასპის საარჩევნო ოლქის ნომერ 22 საარჩევნო უბანში რეგისტრატორის მაგიდები იმდენად ახლოს იყო კედელთან, რომ უბანში მყოფ აკრედიტირებულ დამკვირვებლებს სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ნომერი 57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის ნომერ პირველ საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა კოორდინატორმა, რომელიც კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფება, სხვა პირებთან ერთად, მოცემულ საარჩევნო უბანთან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობით თანხა გადასცა;

 

ნომერი 7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის ნომერ 3 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო უბანთან სიახლოვეს წარმოქმნილმა ხმაურმა, რომლის მიზეზიც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მიერ ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება გახდა.

 

ნომერი 18 ახმეტის საარჩევნო ოლქის ნომერ 17 საარჩევნო უბანთან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ქვემო ალვანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას. ნომერი 10 გლდანის საარჩევნო ოლქის ნომერ 75 საარჩევნო უბანთან შეინიშნება მობილიზებული კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა. ისინი განთავსებულნი არიან საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 50 მეტრში და ადგილზე კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფებიან“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

ნინო დოლიძის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია ათი საჩივარი, ხოლო ორი შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში