უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელებში. სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე ამ დროისთვის 39 შეტყობინებაა შესული. სოფელ ლეღვასა და წყავროკაში მეწყერმა საცხოვრებელ სახლებს და საკარმიდამო ნაკვეთებს ზიანი მიაყენა. რამდენიმე ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. სოფელ წყავროკაში მცხოვრები ანანიძეების 6 წევრიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი მე-2 დღეა დახმარებას ითხოვს. როგორც ამბობენ, ძლიერი წვიმების გამო, საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი ჩაინგრა. არის მეწყრული პროცესების საფრთხეც.
ამბობენ, რომ დახმარებისთვის შესაბამის სამსახურს უკვე მიმართეს. მერიაში ამბობენ, რომ მათ მდგომარეობას შეისწავლიან. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის უსაფრთხო მისამართზე გაყვანილია მხოლოდ ერთი ოჯახი. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდილია შიდა და ცენტრალური გზები,ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები, ჯამში 17 მიმართულება. გამოდარების შემდეგ საგზაოს ტექნიკა სიტუაციის სირთულის მიხედვით იმუშავებს კიდევ რვა ლოკაციაზე.
უხვმა ნალექმა მწყობრიდან გამოიყვანა სასმელი წყლის ნაგებობები ქვედა კვირიკეში, ლეღვასა და ბობოყვათში. ამ ეტაპზე ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე აღდგენილია წყალმომარაგება.
როგორც აჭარის საგზაო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ამ ეტაპზე 4-ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფლის შიდა გზების გაწმენდის პროცესში. ჩაკეტილია სოფელ საჩინო-თურმანიძეების მიმართულება, სადაც გაწმენდითი პროცესი მძიმე ტექნიკით მიმდინარეობს.