დღეს 15 ოქტომბერია და გადასატან ყუთზე მოთხოვნის ვადა იწურება. მოქალაქეებმა, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას ადგილზე ვერ მიიღებენ, საუბნო საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებების მიღება დღეს 18 საათამდე გაგრძელდება.
ამ დროისთვის ბათუმში არსებულ საარჩევნო უბნებს გადასატანი ყუთის მოთხოვნით, 1000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიმართა. ეს ციფრი, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის შეიცვლება.
იმ შემთხვევაში თუ უბნებზე გადასატანი ყუთის მსურველთა რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის 3 პროცენტს აღემატება, მათი სიაში შეყვანის გადაწყვეტილებას უკვე საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებს.
ბათუმში სულ 90 საარჩევნო უბანია, მათ შორის ერთი პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნა.