საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერ, კულტურისა და სპორტის მინისტრ, თეა წულუკიანთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კობახიძემ რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
„სასწავლებელი წლების განმავლობაში რთული პრობლემების წინაშე იდგა. შენობა არ შეესაბამებოდა პროფესიულ გარემოს, ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს.
ფონდ „ქართუს“ ინვესტიციით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, სასწავლებლის შენობა განახლდა. პროექტისათვის შვიდ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
პრემიერ-მინისტრმა „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორს, ნოდარ ჟვანიას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი შენობის გახსნა და სასწავლებლის დაარსებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა.
ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანსა და ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად, დაესწრო ახალი შენობის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელშიც „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებულმა მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს მონაწილეობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.