ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებსა და ალანიის სახელმწიფოდ არაღიარებული რესპუბლიკის გადარქმევის რეფერენდუმზე 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტიურობამ 24,1 პროცენტი შეადგინა. ამ მონაცემებს დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკო ავრცელებს. უმაღლესი თანამდებობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის- მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბაბილოვი და უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ალან გაგლოევი.
ყველა კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას ემხრობა. არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებმა თავიანთი ნება უკვე გამოხატეს. თიბილოვმა თავის ოპონენტებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მზად არის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მეორე ტურშიც გააგრძელოს, თუ დღევანდელი არჩევნები გამარჯვებულს ვერ გამოავლენს. სულ გახსნილია 77 საარჩევნო უბანი, მათგან 5 დე ფაქტო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მუშაობს.
კენჭისყრას 80-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს რუსეთიდან, არაღიარებული აფხაზეთიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბახიდან, თვითაღიარებული დონეცკისა და ლიგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან. ამომრჩევლთა აქტივობის ზღვარი 50 პლუს ერთი პროცენტია. პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებისთვის ხმების 50 პროცენტზე მეტის მიღება სჭირდება. დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწლეობის მიღება 32 ათას 736 ამომრჩეველს შეუძლია.
არჩევნების წინასწარ შედგებს დღეს შუა ღამის შემდეგ გამოაცხადებენ, საბოლოო კი კენჭისყრიდან 5 დღის შემდეგ გამოქვეყნდება. არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ 10 აპრილამდე ადმინისტრაციული საზღვრები ჩაკეტა.
ევროკავშირი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.