საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის - პრემიერი

16 სექტემბერი 2024, 15:40 221 ნახვა

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში და ჩვენთვის პატივია გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან, - ასე მიმართა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა მისი ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში სომხეთში და მადლობა გადაუხადა ფაშინიანს გულთბილი მასპინძლობისთვის.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი შეასრულა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში და პატივია, გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან.

კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი ვიზიტი მარტში, სომხეთში და მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის.

 

საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის, მრავალსაუკუნოვან ურთიერთპატივისცემას და მოხარულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები.

 

დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ.

„საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას და ამ კუთხით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესს და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. დასასრულს მსურს კმაყოფილება იმ შეხვედრებით, რომელიც გაიმართა დღეს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები.

მოხარული ვარ, რომ მქონდა კიდევ ერთხელ საშუალება გაგვეცალა მოსაზრებები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქართულ -სომხურ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, გლობალურად მიმდინარე პროცესებს და ბატონ პრემიერს კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მისი წვლილისთვის ქართულ-სომხური ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი