არცერთ მათგანს არ აქვს იმის იმედი, რომ გამარჯვების რაიმე ნიშნულს მიუახლოვდებიან - იციან, რომ „ქართული ოცნება“ და ხალხი იმარჯვებს - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

25 აგვისტო 2024, 18:39 400 ნახვა

საუბრობენ და ხანდახან წამოსცდებათ, რომ არჩევნების შემდეგ ალბათ, ქუჩა დასჭირდებათ, იმიტომ, რომ არცერთ მათგანს ჩვენი ოპოზიციიდან არ აქვს იმის იმედი, რომ გამარჯვების რაიმე ნიშნულს მიუახლოვდებიან. იციან, რომ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი იმარჯვებს, ამიტომ არიან პროვოკაციების იმედზე, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქალაქ ამბროლაურში, „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ყოველგვარი შანსი და სივრცე პროვოკაციებისთვის გაქრება.

„ქართული ოცნება“ და არამხოლოდ "ქართული ოცნება", ქართული სახელმწიფო ისეთი ძლიერია, რომ შეგვიძლია დავიტრაბახოთ, ვიამაყოთ, ეს არის თქვენი დამსახურება.

 

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად ვამბობთ, რომ 60%-იანი მხარდაჭერა გვაქვს. ამ ყველაფერს ქუდზე კაცი სჭირდება. არცერთი ადამიანი, ვისაც სამშობლო, მამული, რწმენა, ენა, უპირველესად მიაჩნია, სახლში არ უნდა დარჩეს. ერთმა ხმამ შესაძლოა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი. საკონსტიტუციო უმრავლესობისა, რომელიც ვინმეს სიმრავლისთვის კი არ სჭირდება, სჭირდება ქვეყნის და გუნდის სიმყარისთვის, რათა ასევე ამაყად გავაგრძელოთ ბრძოლა ქვეყნის ერთიანობისათვის, წარმატებისთვის.

 

გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობაზე ვსაუბრობდით, მაშინ ყველაზე პატრიოტი ყველა ქართველი ქალი და კაცი ამას მიესალმებოდა. დღეს დადგა დრო, როდესაც ეს მხოლოდ საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდას თურმე არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლაში თქვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გაგვამყაროთ, ამისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა ეროვნულ საკითხებთან ერთად.

 

საუბრობენ და ხანდახან წამოსცდებათ, რომ არჩევნების შემდეგ ალბათ, ქუჩა დასჭირდებათ, იმიტომ, რომ არცერთ მათგანს ჩვენი ოპოზიციიდან არ აქვს იმის იმედი, რომ გამარჯვების რაიმე ნიშნულს მიუახლოვდებიან. იციან, რომ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი იმარჯვებს, ამიტომ არიან პროვოკაციების იმედზე.

 

როდესაც „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ყოველგვარი შანსი და სივრცე პროვოკაციების, ხალხის მოტყუების, მათი თავისი ამომრჩევლის მოტყუების გაქრება. ქუდზე კაცი საქართველოდან, რათა ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სიმყარე!

 

ამიტომ, ჩვენი მთავარი სლოგანი უნდა განვახორციელოთ! უნდა შევძლოთ, რომ მშვიდობით, ღირსებით, ქართველი ქალისა და კაცისთვის დამახასიათებელი ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ წინ, ვიაროთ ქვეყნის ერთიანობისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ“,-აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში