საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გენდერის ნიშნით ჩადენილ ქმედებაში გაამართლა, იგი დამნაშავედ ცნო 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა განაჩენს კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს"- განმარტავენ პროკურატურაში.