ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა, ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს - ლევან დავითაშვილი

01 აგვისტო 2024, 13:09 94 ნახვა

ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა, ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაქვს ყოველდღიური ინფორმაცია DCFTA-ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება) ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მუშაობს თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტროები იღებენ, ანუ თითოეული ახალი პოლიტიკის დოკუმენტი და ინიციატივა სრულად თანხვედრაშია და მიყვება ჩვენს სამოქმედო გეგმას DCFTA-სთან დაკავშირებით. საქართველო ახდენს აპროქსიმაციას თავისი კანონმდებლობის, საქართველო ახდენს დაახლოებას თავისი პოლიტიკის ევროკავშირთან. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ევროინტეგრაციის პროცესი გულისხმობს, რომ ქვეყანა თავისი პოლიტიკით და ინსტიტუციური შესაძლებლობებით შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის ინსტიტუციურ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან და ამ მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა. მისივე თქმით, ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს.

„ევროინტეგრაციის პროცესი არის კომპლექსური პროცესი, რომელიც თავის თავში მოიცავს ბევრ მიმართულებას. ჩვენ პროცესს მივყვებით ჩვენი მხრიდან. ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორები როდესაც საუბრობენ, რომ შეჩერებული გვაქვს პროცესი, საუბარია იმაზე, რომ მათი მხრიდან გარკვეული პროცესები შეიძლება, დღესდღეობით არის ან შეჩერებული, ან გადახედვის რეჟიმში. იმედი მაქვს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, როგორც არაერთხელ გვიჩვენებია საზოგადოებისთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი მწყობრი ნაბიჯებით, იმით, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი ინტეგრაციის პროცესის, დავარწმუნებთ პარტნიორებს, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობას იმსახურებს და ეს პროცესი დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რა კალაპოტშიც მიმდინარეობდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.

„შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. ალბათ უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე, ან რაზე იყო ლაპარაკი, რა პროექტზე. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ. დანარჩენი იმას, რომ ჩვენ აშშ-თან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, გვაქვს და კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ, ამის განწყობას გიფიქსირებთ“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში