პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან

10 ივლისი 2024, 15:55 287 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირებისთვის"- განმარტავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში