გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ახლად არჩეული ხელმძღვანელობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი იქნება.
„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ფოკუსირებულია ევროკავშირის გაფართოებაზე. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე ანალიტიკოსი, ექსპერტი და მეცნიერი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა თბილისში, რათა განიხილონ გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. მოგეხსენებათ, ათი ქვეყანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები. პროცესი გრძელდება. ევროკავშირმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება მომავალი ხელმძღვანელობის შესახებ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის შემდეგი ხელმძღვანელობა დიდი ამბიციებით დაიწყებს მუშაობას.
გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ახლად არჩეული ხელმძღვანელობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, მოვასწრებთ, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები.
„27 ივნისს, ზუსტად ათი დღის წინ, ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის მომავალი სტრატეგიული დღის წესრიგი. შეთანხმდნენ მომავალში ევროკავშირის ლიდერების ვინაობის შესახებ. მათ ასევე დაადასტურეს ჩვენი მტკიცე ვალდებულება უკრაინის დაცვის მიმართ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ნათლად არის ნათქვამი ევროპის საბჭოს დასკვნებში. გთხოვთ, წაიკითხოთ ისინი ძალიან ყურადღებით, მხოლოდ რამდენიმე პუნქტია.
ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკან ხევს ცხრა საფეხურს და ასევე ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან.
ასე რომ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რადგან ამავდროულად, ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს ევროკავშირმა დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახლად შექმნილი მთავრობა, როგორიც არ უნდა იყოს, კვლავ დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე განმარტებით, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.
„ევროკავშირ-საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. მას ჰქვია „ევროპის მშვიდობის ფონდი“. ასე რომ, ამ დროისთვის გაყინულია ის თანხა, 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვას ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეზღუდული იქნება.
ჩვენ შევეცდებით, ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ. ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს გამართვის შემდეგ გახდა ცნობილი. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და ხელახლა იქნება მიმართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ამ ახალი პოლიტიკა პირველად შეეხება ჩვენი მხარდაჭერას თავდაცვის სამინისტროს მიმართ და 30 მილიონს, რომლის გაცემასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მხოლოდ საქართველოზე და ქართველებზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდეგი გაფართოების ნაწილი.