კონტაქტურ კარატეში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წევრები ბათუმში საწვრთნელ შეკრებას საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად გადიან, სადაც ძირითადი აქცენტები ტაქტიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე, ასევე სპარინგ-შეხვედრებზე კეთდება. უნგრეთის ნაკრების ოთხი წარმომადგენლიდან ორი ბიჭია და ორიც გოგო, რომლებიც ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები არიან. ბათუმური შეკრება ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპია მომავალი ტურნირებისთვის, რომელიც სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
სექტემბრის დასაწყისში ბათუმი „BATUMI OPEN“-ს უმასპინძლებს, ოქტომბერში პოლონეთში გაიმართება ევროპის აბსოლუტური ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრების ღირსებას ორი ბათუმელი სპორტსმენი - დავით მსხალაძე და გოდერძი კაპანაძე დაიცავენ. ნოემბერში კი ბელგიაში მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიები გათამაშდება, სადაც საქართველოდან რვა სპორტსმენი იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ გასულ ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიები ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა უკვე მოიპოვა. პლანეტის პირველობას 2025 წელს ტოკიო უმასპინძლებს.