ათასობით აღფრთოვანებული ქართველი გულშემატკივარი ქვეყნის დედაქალაქ თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, რათა ამაღელვებელი დებიუტის შემდეგ ევრო 2024-დან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დახვედროდა, - ასე ეხმაურება როიტერსი თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლამდე ფეხბურთელები თბილისში ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და მათ ოვაციებით და ტაშით ხვდებოდნენ, მოგვიანებით კი, ისინი ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართველმა ფეხბურთელებმა მთელ ევროპაში შექება დაიმსახურეს ამაღელვებელი თამაშების სერიისთვის, მათ შორის შოკისმომგვრელი გამარჯვებით კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან, ანგარიშით 2-0“.