ბათუმში დასრულდა ფიდეს მსოფლიო თასის გათამაშება ჭადრაკში 8-დან 12 წლამდე ასაკი ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში 40 ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა ფიდეს მიერ დაწესებული კვოტებით იყო განსაზღვრული. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ვერც ერთმა წევრმა ვერ შეძლო საპრიზო სამეულში შესვლა. გუშინ მსოფლიო თასის გათამაშება ოფიციალურად დაიხურა და გამარჯვებულების და პრიზიორების დაჯილდოებაც გაიმართა.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს ბათუმი უფროსი ასაკის ქალთა შორის მსოფლიო თასს უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ 5-დან 14 ივლისის ჩათვლით ბათუმის სპორტის სასახლე ჭადრაკში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს „ბათუმის მერიის თასს“ უმასპინძლებს, რომელიც საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ორგანიზებით მერვედ ტარდება.
შეჯიბრებაში მონაწილეობას 25 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს. ასპარეზობა 8 წლიდან და ზემოთ ასაკობრივ კატეგორიებში გაიმართება.