ხვალიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ნაკრებიც.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ტურნირის პირველ მატჩს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ხვალ ჩაატარებენ, შეხვედრა ქეიფთაუნში, „ეთლონ სპორტ სთედიუმზე“ თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
20-წლამდელთა დონეზე ეს საქართელოსა და ავსტრალიის ნაკრებების პირველი დაპირისპირებაა.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ გამოქვეყნებულ 23-კაციან განაცხადში ცხრა ლეგიონერია, მათგან შვიდი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. თამაზ ჭამიაშვილი, დავით მჭედლიძე, ნიკა ლომიძე, თორნიკე ღანიაშვილი, ლუკა კობაური, ლუკა ხორბალაძე და ლუკა ცირეკიძე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც თამაშობდნენ, დანარჩენებს კი ტურნირზე დებიუტი ექნებათ.
4 ივლისს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ირლანდიას, 9 ივლისს კი იტალიას ეთამაშებიან.