გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია - ცესკო

21 ივნისი 2024, 16:37 200 ნახვა

მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნებს გამოეხმაურა.

„გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია. უწყების მადისკრედიტებელი განცხადებები ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კონტექსტში გავრცელდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები, „ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში“ და ამ ცვლილებებით „აღნიშნული კომისია (ანუ ცესკო) გამოდის ერთპარტიული“.

უნდა აღინიშნოს, რომ ცესკო შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არის არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება, სადაც მმართველ პარტიას ჰყავს ერთი წევრი, ხოლო დანარჩენი 8 წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არც დღეს არსებული დაკომპლექტებიდან გამომდინარე, არც მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია.

შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ასეთი უსაფუძვლო შეფასებები შესაძლოა, ემსახურებოდეს იმ საერთო ნარატივს, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა, რაც გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს უარის თქმად პროცესში ნეიტრალურ როლზე. მიუღებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი საუბრობდეს და თუნდაც ირიბად ეჭვქვეშ აყენებდეს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის მიუკერძოებლობას და თავს არიდებდეს და საერთოდ არ ახსენებდეს რეალურ პრობლემას, რაც დაფიქსირებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტებში, სწორედ ცესკოს პარტიული წევრების პოლიტიკური მიკერძოების კონტექსტში.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებების უბრალო უმრავლესობით მიღება არაერთ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიერ, ამ მიმართულებით არასწორი აღქმების შექმნის მცდელობა, არჩევნების წინ, მიუღებელი და გაუგებარია. არჩევნები საერთო საქმეა და ყველა ინსტიტუციას, ასევე ჩართულ მხარეებს, კომპეტენციების შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებს ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად და არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი