რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით გამოწვეული ზარალი უნდა აუნაზღაუროს, რაც, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 486 მილიარდი აშშ დოლარს აღემატება, - ამის შესახებ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც იტალიაში გამართული ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რაც უკრაინას მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ გახანგრძლივებული თავდაცვის პირობებში, უკრაინის ამჟამინდელი და მომავალი საჭიროებების მხარდაჭერის მიზნით, „დიდი შვიდეული“ საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) სესხების ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე, უკრაინისთვის, დაახლოებით, 50 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს.