ევროპარლამენტის არჩევნები

10 ივნისი 2024, 14:12 342 ნახვა

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსს, „ევროპის სახალხო პარტიას“  ექნება. შარშანდელთან შედარებით 8-ით მეტი. ამ ჯგუფში გაერთიანებულია „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, საფრანგეთის „რესპუბლიკელები“, იტალიის „იტალია, წინ“. ევროპარლამენტში 139 ადგილით  წარმოდგენილი იქნება მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები და დემოკრატების“ ჯგუფი.  ამ ჯგუფში შედიან  „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“, საფრანგეთის „რენესანსი“, ესპანეთის „სოციალისტური მუშათა პარტია“.

პოზიციები მნიშვნელოვნად შეუსუსტდა ლიბერალურ ჯგუფს „განაახლე ევროპა“, რომელსაც 23 მანდატით ნაკლები ექნება. ამ ჯგუფში გაწევრიანებული არიან გერმანიის „თავისუფალი დემოკრატები“, საფრანგეთის „დემოკრატიული მოძრაობა“ და სხვა. მანდატების რაოდენობა ოთხით გაეზარდათ ევროპარლამენტში „კონსერვატორების და რეფორმისტების“ ჯგუფს, რომელსაც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში 73 მანდატი ექნება. ამ ჯგუფში შედიან პარტიები: იტალიის „იტალიის ძმები“, პოლონეთის „კანონი და სამართლიანობა“, ესპანეთის „ვოქსი“ . ცხრა მანდატით მეტი მიიღო მემარჯვენე ჯგუფმა, „იდენტობა და დემოკრატია“. ამ ჯგუფის წევრები არიან: საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანება“, გერმანიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“, იტალიის „ლიგა“ . წინა არჩევნებთან შედარებით რეიტინგი დაკარგა „მწვანეების“ ჯგუფმა, რომელსაც 19 მანდატით ნაკლები ექნება.  2019 წლის არჩევნებთან შედარებით, ერთი ადგილი დაკარგა „მემარცხენეების“ ჯგუფმა და 36 ადგილი ექნება. ევროპარლამენტში 37 მანდატით მეტით იქნებიან წარმოდგენილი  ე.წ. მიუმხრობლები, რომლებიც ევროპარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან არ არიან დაკავშირებული.

შედეგები აჩვენებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს კარგი შესაძლებლობა თანამდებობაზე დასარჩენად. 2019 წელს, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალისტები და დემოკრატების“ და „განაახლე ევროპის“ ხმებით აირჩიეს. იმავე კოალიციას მისთვის კიდევ ერთი მანდატის მინიჭება შეუძლია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში