ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში, ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, რომლის მიხედვითაც NED-ის, EED-ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის „სირცხვილიას” წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.
როგორც იგი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება.
ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ, მხოლოდ, ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან, დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა, ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.