ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიას კანონის წინააღმდეგ არგუმენტი რომ ვერ დააწერინეს, ბოლოს ათქმევინეს, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო.
„ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი. ამ ტექსტით ვენეციის კომისიამ, არა მარტო ექსპერტებმა, მთლიანად კომისიამ თქვა უარი პროფესიულ ღირსებაზე. საბოლოოდ ვერანაირი კრიტიკული შენიშვნა ვერ დააწერინეს ვენეციის კომისიას და ბოლოს დააწერინეს ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. ასეთ რამეს რომ დაწერს ვენეციის კომისია, იქ პროფესიულ ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ქვეყნის შიგნითაც ერთ რამეზე ხომ ვიყავით შეთანხმებულები ყველა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე დაწერა ვენეციის კომისიამ, რომ NGO-ების გამჭვირვალობა, როგორც ასეთი, არის ცუდიო, არ ვარგაო, ასეთი აბსურდი დაწერა. ამის შემდეგ რა ფასი შეიძლება ქონდეს რაიმე ჩანაწერს ამ დასკვნაში.
მთავარი რაც გააკრიტიკეს იყო ის, რომ რატომ უზრუნველყოფთ ამ კანონით NGO-ების გამჭვირვალობასო. იქ ათასი აბსურდი ეწერა, რაც პირდაპირ გადმოიტანეს NGO-ების განცხადებებიდან, მაგრამ მთავარი დასკვნა რაც ჰქონდათ, იყო ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ფასი ჰქონდეს ამ ტექსტს, პროფესიულ ღირსებაზე პირდაპირ თქვეს უარი, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ქვეყნის შიგნითაც კი, NGO-ებიც კი ამბობდნენ, რომ მათი გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე ვენეციის კომისიამ დაწერა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და მეტიც, NGO-ების გამჭვირვალობას დაარქვა drastic measure, რაც ნიშნავს რადიკალურ ზომას. წარმოიდგინეთ, რადიკალური ზომა დაარქვა NGO-ების გამჭვირვალობას. ამის შემდეგ, ვენეციის კომისიაზე უბრალოდ სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი. ჩვენ დიდი ხანია, არ გვაქვს ნდობა მათი პროფესიონალიზმის მიმართ, ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია, მაგრამ რაც წარმოადგინეს, არის უბრალოდ ყველანაირი ხაზის გადასმა პროფესიულ ღირსებაზე, წარმოუდგენელია ის, რაც წავიკითხე ამ ტექსტის სახით,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კანონთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორებისგან ელოდება პრაგმატულ მიდგომას.
„უამრავი ყალბი განცხადება იყო, რომელიც გავრცელდა კანონთან დაკავშირებით, ეს ქმნის ბუნებრივია, ცუდ ფონს მათთვის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს და დადებით შინაარსს. ეს არის ერთადერთი გზა საბოლოო ჯამში საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. ჩვენ თუ გვინდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, ამისთვის აუცილებელია სამართლიანობა და სამართლიანობა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არ გაქვს არგუმენტები, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება.
ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, შევთავაზოთ ყველას, საჯარო დისკუსია ამ კანონთან დაკავშირებით, დამთავრებულია პროცესი, კანონი არის მიღებული, დღემდე ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, რადგან არ ჰქონდათ არავითარი სიმყარე საკუთარ პოზიციებში. კიდევ ერთხელ, თუ უნდათ დისკუსია კანონთა დაკავშირებით, მოვიდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ აქ რაიმე არის უარყოფითი. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს, ჩვენ კვლავაც არ ველოდებით, რომ ასეთ დისკუსიაზე იქნება ღიაობა და მზაობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დისკუსიისთვის, რადგან ყოველ ჯერზე ჩვენ ვიყავით მართალი და სადაც ხარ მართალი, იქ არ გაურბიხარ დისკუსიას და სადაც არ იყო სიმართლე, სწორედ იქ გაურბოდნენ დისკუსიას შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ეს არ არის სწორი მიდგომა. იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები განვითარდეს, უმნიშვნელოვანესია სამართლიანობა. ველოდებით სწორედ ასეთ სამართლიან დამოკიდებულებას და მიდგომას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.