ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ უკვე რამდენიმე კვირაა, ის ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, პლატფორმის მიზანია არჩევნებისთვის მობილიზაცია.
„ყველამ იცის, რომ ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთობით, მობილიზებულად და, რომელიც არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის. ჩვენ, ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, რომ საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა მძიმე არის ის წერტილი, რაც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ კენჭისყრის შედეგად.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს წარსულში დაბრუნდების მცდელობა.
"ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ რა მძიმე არის ის წერტილი, რაც გუშინ დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განცხადებისთვის, რომელსაც ჰქონდა განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით. ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ შუა გზიდან, ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებულიყო წარსულში. ეს არის მცდელობა, რომელსაც საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა პრაქტიკულად ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.