ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ იყოს მიღებული - პაველ ჰერჩინსკი

12 მაისი 2024, 15:06 336 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ევროპელი დიპლომატის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არ არის თავსებადი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან.

„თქვენ დამისვით შეკითხვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნება მომეცით, გავიმეორო ის, რაც არაერთხელ თქვეს ევროპელმა ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი მისი ახლანდელი ფორმით არ არის თავსებადი იმ ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს გვაქვს. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული საქართველოს პარლამენტში. ვიცი, რომ მესამე მოსმენა იგეგმება მომდევნო კვირაში და გულწრფელად ვიმედოვნებთ, კიდევ არსებობს შანსი, რომ კანონი არ იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პროცედურული შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული, რომ კანონი არსებული ფორმით არ იქნეს მიღებული. სამწუხაროდ, იმ შემთხვევაში, თუ მიიღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ დაფიქრდნენ ნეგატიურ რეაქციებზე.

 

საქართველოში კანონები საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს და არა სხვა ვინმემ, მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობა, პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა შედეგები მოჰყვება ამ კანონპროექტის მიღებას. კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ამ კანონის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ გვინდა, დავეხმაროთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას, რომელიც არის სამართლებრივი საკითხების საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი, სთხოვეს, წარმოადგინოს თავისი სამართლებრივი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან, ეს არის ევროსაბჭოს ორგანო, საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი, ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იურიდიული დასკვნა ძალიან მალე გამოქვეყნდება და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, როგორ იმოქმედოს ვენეციის კომისიის ამ მოსაზრების შემდეგ. კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ჩვენ გულწრფელად  ვიმედოვნებთ, ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ მიიღება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი