არ ველოდები არანაირ სანქციას, რადგან შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით, თუ ეს მართლა განიხილა ვიღაცამ, იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა, იმ ქვეყანამ, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი კანონია, იმავე რამისთვის სხვას სანქცია დაუწესოს, წარმოუდგენელია, ეს ვინმემ დაუშვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ისმენს საერთაშორისო აქტორებისგან კრიტიკას, თუმცა მათ შეფასებებში აღარ არის გამოყენებული სიტყვა – რუსული.
„წარმოუდგენელია, ვინმემ იფიქროს, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, თუ პატარა ქვეყანამაც გააკეთა, ჩვენ ამისთვის სანქცია უნდა დავუწესოთო. ამ თემაზე ვისმენთ მწვავე კრიტიკას ჩვენი მეგობარი ქვეყნების ცალკეული წარმომადგენლებისგან. ერთადერთი განსხვავება შარშანდელთან შედარებით არის ის, რომ აღარ ეძახიან რუსულს, რადგან ყველა მიხვდა, ეს არის საუკუნის აფერა. ამის შედარება რუსულთან არის თაღლითობა. ჩვენი პარტნიორებიც დარწმუნდნენ, რომ არ უნდა დაუძახონ რუსული.
სიტყვა რუსული გაქრა, მაგრამ ვისმენთ მწვავე კრიტიკას, რაც წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისევე როგორც, თავის დროზე უსამართლობა იყო კანდიდატის სტატუსის არმოცემა. როგორც ჩანს, ამ ქვეყნისთვის მარტივად არაფერი იქნება, არც დამოუკიდებლობის, არც სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერება, ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ. მწვავე დისკუსიებით უნდა მოვიპოვოთ, რაც გვეკუთვნის. დიდ ქვეყნებს თუ გააჩნიათ ანალოგიური კანონები, ჩვენც შეგვიძლია, ასეთი კანონი მივიღოთ. უსამართლობაა გააკრიტიკო პატარა ქვეყანა იმისთვის, რაც შენს ქვეყანაში მისაღები და აუცილებელიც კი არის“, – განაცხადა მდინარაძემ.