ადიგენის ცენტრში ახლა სიმშვიდეა. მოსახლეობა, რომელიც ადგილზე დილიდან იყო შეკრებილი, დაიშალა. ტერიტორია დატოვეს სამართალდამცველებმაც. ადგილობრივები სულეიმანჯების თემის ლიდერის მერაბ მიქელაძის სახლში სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. თავად მიქელაძემ დღესაც უარი თქვა სახელმწიფოს შეთავაზებაზე. ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ, რელიგიის სააგენტო მუსლიმ თემს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრზე, სოფელ იჯარეთში, მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.