ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორი, რომელიც სოციალურ ქსელში ფემიციდის ფაქტს გამოეხმაურა, თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაგვიდასტურეს.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, რესურსცენტრმა შესწავლა დაიწყო, პროცესის მიმდინარეობისას კი, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
შუახევში, ქმრის მიერ მოკლული ქალის ამბავს, ფერიდე შაინიძე სოციალურ ქსელში კომენტარით გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ასე ემართება თავში ავარდნილ ქალებს, ლოქო ნაჭუჭიდან რომ გამოძვრება შემდეგ ასე იქცევიან, რომ სიკვდილამდე მიდის საქმე".
დაწერილმა კომენტარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით, ფერიდე შაინიძემ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს და მისი სახელით ბოროტად ისარგებლეს.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმარმა ცოლი მოკლა.