გაირკვა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ზაფხულის ტესტმატჩებში. „ბორჯღალოსნები“ 5 ივლისს ბათუმში ფიჯის ნაკრებს უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ორ ტესტმატჩს გამართავს, 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სენდაიში იაპონიის ნაკრებს ეთამაშებიან, 20 ივლისს კი სიდნეიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრებს ფიჯისთან შვიდჯერ უთამაშია და მხოლოდ ერთი მოგება აქვს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხუთში კი გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ.
ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და იმ მატჩში ფიჯიმ 17:12 გაიმარჯვა.